ენერგოკომპანია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით მოქალაქეებს და აფრთხილებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები ელექტროდანადგარებისა და გამანაწილებელი ქსელის სიახლოვეს.

ზაფხულში დასასვენებელ ზონებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება დამსვენებელთა მიერ უსაფრთხოების წესების გათვალისწინება, რადგან ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია, საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს.

დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, სადენთან მიახლოება. აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ელექტროქსელებში ავარიულ ან სახიფათო მდგომარეობას შენიშნავს (როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა), აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე:0322471707


 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button