რადიკალიზაციის ანატომია – რა უძღოდა წინ 20 ივნისის უმძიმეს ღამეს

პროვოკაციული ნაბიჯები და გულწრფელი პროტესტის რადიკალიზაციის მცდელობა მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს მათ გვერდით პოლიტიკოსების ხილვა არ სურთად. 20 ივნისს პარლამენტის წინ საკანონდებლო ორგანოში შეჭრისკენ ღია მოწოდება ისმოდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი სამართალდაცველებს გაუსწორდა, სპეცდანიშნულების რაზმის ცალკეული წევრები დამიზნებით ესროდნენ დემონსტრანტებს – თუმცა ყველაფერი ეს ერთი დღე არ არის.

რეალურად ამ უმძიმეს ღამეს წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პოლიტიკური გზავნილები, მუქარა და იმის დაანონსება, რომ ხელისუფლება არა არჩევნების გზით, არამედ რადიკალური ნაბიჯებით უნდა დაემხოს.

აწეული ხელებით შესვლა პარლამენტში ნიკა მელიას ნოვაცია არ ყოფილა. ზუსტად ასე იყო 2003 წელსაც. თუმცა მაშინ მიხეილ სააკაშვილის ამ ნაბიჯს სახელმწიფოს მხრიდან პასუხი არ მოჰყოლია – მიტინგი არ დაშალეს და თავისი უმოქმედობით მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ გეგმაში ჩაერთნენ.

მაშინ სულ სხვა პოლიტიკური მოცემულობა იყო – გაყალბდა არჩევნები და მთავრობას ლეგიტიმაციაც აღარ ჰქონდა, შევარდნაძის ხელისუფლება კი არათუ სახელმწიფო ინსტიტუტებს, საკუთარ თავსაც ვერ იცავდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს დაუმალავს, რომ ხალხი მათ ხელში იარაღია საკუთარი მიზნის მისაღწევად და 20 ივნისის ღამეს თითქმის მოახერხეს ამ იარაღის ხელში აღებაც. თუმცა მანამდე იყო ბევრი წარუმატებელი მცდელობა.

მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის არჩევნებში დამარცხდა, თითქმის ყველა არჩევნების წინ, თავადაც და მისი პოლიტიკური ძალაც ცდილობდა როგორმე ამოეტრიალებინა სიტუაცია და გაემეორებინა ის სცენარი, რომლითაც ხელისუფლებაში 2003 წელს მოვიდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ გაქცეულ ლიდერს აქცენტი ყოველთვის რევოლუციაზე აქვთ და არა არჩევნებში გამარჯვებაზე. ყველაზე აქტიურები მაინც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ გახდნენ, როდესაც ალბათ იფიქრეს, რომ ხალხს მათი ძველი საქმეები დაავიწყდა.

„გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე, როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი. მოვუწოდებ პოლიციას დადგეს ხალხის მზარეს“, – ამას ამბობდა სააკაშვილი იმის მიუხედავად, რომ ჯერ არჩევნების შედეგებიც არ იცოდა.

თუმცა არჩევნების შედეგი და ხალხის არჩევანი რომ მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, ეს შემდეგ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა. როდესაც მის მიერ მხარდაჭერილ საბჭოთა სკოლის დიპლომატს ამომრჩეველმა უარი უთხრა, მიხეილ სააკაშვილმა თავის ამომრჩეველს ქუჩაში უხმო. ისინი გამოვიდნენ და კიდევ ერთხელ მიიღეს დაპირება, რომ მალე ნახავდნენ ლიდერს, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას უკვე წლებია ემალება.

სააკაშვილი მაშინ ამბობდა, რომ იმ წუთში, როდესაც ჩათვლის, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია მზად არის, რომ უზრუნველყოს მისი 72-საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, ის ქვეყანაში გაჩნდებოდა.

დაპირება დაპირებად დარჩა. საქართველოში დარჩენილმა მისმა თანაგუნდელებმა ვერ მოუმზადეს სიტუაცია, ამიტომ ტვირთი თავის თავზე აიღო, როდესაც ემიგრანტებისგან ლაშქრის შეკრება და ფულის აკრება გადაწყვიტა. მოგვიანებით გამოჩნდა, რომ არც ემიგრანტებში ჰქონდა დიდი მხარდამჭერა და საქართველოშიც იმედი გაუცრუეს. ვერც ხორავას ქუჩის ტრაგედია გამოიყენეს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ვერც თელავში გამართული ინაუგურაცია ჩაშალეს.

ამის შემდეგ სააკაშვილმა გრძელვადიან გეგმაზე და ახალი დროის „კმარას“ შექმნაზე დაიწყო ფიქრი.

„ყვარელში ვაანონსებთ ახალგაზრდული სკოლის შექმნას, ზაფხულში. ეს იქნება სკოლა, სადაც ავიყვანთ 500 ახალგაზრდას და ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, საინფორმაციო მეთოდებზე, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე; იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და რა თქმა უნდა, ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე და ამას ერთად ჩამოვაყალიბებთ“, – აცხადებდა სააკაშვილი.

მისი ერთ-ერთი ბოლო იმედი ირაკლი ოქრუაშვილი იყო, რომელმაც რადიკალების ძველი გვარდია შემოიკრიბა და ღიად თქვა, რომ არ არის გამორიცხული ხელისუფლების შესაცვლელად  არჩევნებს არ დაელოდონ.

ოქრუაშვილი ისევ თამაშშია, ისევე როგორც გაქცეული ექსპრეზიდენტის ყოფილი და ახლანდელი თანაგუნდელები, რომელთაც პირველი შესაძლებლობა გამოიყენეს და გავრილოვის სკამიდან ადგომისთანავე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვეს და ეს მოთხოვნა მოგვიანებით მშვიდობიანი პროტესტის მონაწილებსაც მოახვიეს თავს.

პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივის შემდეგ აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ მათი მოთხოვნა შესრულებულია, თუმცა მიხეილ სააკაშვილი მაინც უკმაყოფილოა იმით, რომ ისინი არ ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს.

ექსპრეზიდენტი ახლა მშვიდი, აუღელვებელი და მოკრძალებული ტონით ლაპარაკობს და ცდილობს აჩვენოს, თითქოს აქციის მონაწილეებზე ზეგავლენის მოხდენას არ ცდილობს, თუმცა 20 ივნისის საღამოს, როცა დაიჯერა, რომ სიტუაცია პოლიტიკურში გადაიყვანა,  სხვა ტონი და განწყობა ჰქონდა პოლიციის და აქციის მონაწილეების მიმართაც.

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ სულ მზად არიან და ელოდებიან სიტუაციას, როდის მიეცემათ შესაძლებლობა აამუშავონ ხელისუფლების ცვლილების მათთვის კარგად ნაცადი გეგმა. ექსპრეზიდენტი ღიად ამბობს, რომ მოლდოვური სცენარი ახლა, ამ სიტუაციაში ყველაზე ხელსაყრელია.

გარღვევის ბოლო ასეთი მცდელობა 20 ივნისის ღამეს იყო. როდესაც ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა, რაც აქციის მონაწილე ახალგაზრდებსაც და ქართულ სახელმწიფოსაც ძალიან ძვირად დაუჯდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button