პრემიერი მელიას საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნაციონალების ლიდერებს აკისრებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები. ასე შეაფასა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში პრემიერმა ნიკა მელიას ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერმინისტრის შეფასებით, ის მძიმე შედეგები, რაც 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, პირდაპირი მოწოდებებისა და პროვოკაციის შედეგია.

“ამ საკითხს, ისევე როგორც ზოგადად 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აქვს ორი განზომილება – სამართლებრივი და პოლიტიკური. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ამ ადამიანთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე ამ საქმის დეტალებში არ შევალ და ვერც შევალ, მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მთავრობის მეთაური. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ჩემი შეფასება არის ზუსტად ისეთივე, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქის – ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი მოწოდებები და პროვოკაცია, რომ მომხდარიყო საქართველოს პარლამენტში შესვლა. ეს იყო მოწოდება, რამაც გამოიწვია ძალიან მძიმე შედეგები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად აფასებს.

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვისგანკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და „ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს. თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button