ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა დატოვა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და რომ „თმის ღერი არ ჩამოუვარდება“.

მან ასევე თქვა, რომ აღნიშვნას იმსახურებს უმრავლესობის რამდენიმე წევრის გადაწყვეტილება, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს:

„ერთ დეპუტატს შეუჩერეს იმუნიტეტი, მაგრამ 91-მა დეპუტატმა ამ ყველაფრით ჩამოიხსნა ნიღაბი. უმრავლესობის იმ დეპუტატები ვინც საკუთარ თავში იპოვა ძალა, მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც მის სურვილთან შესაბამისობაში მოდიოდა, არ ინანებს სინდისთან როგორც მინიმუმ. ძალიან ბევრს ჰქონდა სურვილი, რომ მწვანე ღილაკისთვის ხელი არ დაეჭირა, მაგრამ ვერ შეძლეს”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა.

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით გუშინ მიმართა.

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა,რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button