სხდომის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

პარლამენტის შენობასთან, სადაც სხდომა მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები კვლავინდებურად შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ლიდერებიც.

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიცია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისგან, თამარ ჩუგოშვილისგან ითხოვდა, დღის წესრიგში შეეტანათ აქციის მონაწილეების მოთხოვნების განხილვა, მათ შორის გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი.

სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებების შემდეგ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური დაიწყო, რის შემდეგაც თამარ ჩუგოშვილმა ტექნიკური შესვენება გამოცხადა.

ვითარება გამწვავდა ნიკა მელისა და შოთა ხაბარელს შორის. მათ მიკროფონები მოგლიჯეს. ფიზიკურ დაპირისპირებას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია, რადგან დეპუტატები ერთმანეთს აშველებდნენ. ამის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა.

დღეს პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. უმრავლესობამ არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა შეარჩია. პროცედურის მიხედვით, თავმჯდომარეობის კანდიდატი პარლამენტის წინაშე 20-წუთიანი სიტყვით წარდგება, ამის შემდეგ დეპუტატები მას კითხვებს დაუსვამენ,  რასაც თალაკვაძის მხრიდან პასუხები, შემდეგ კი პოლიტიკური დებატები მოჰყვება.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სპიკერის თანამდებობა 21 ივნისს დატოვა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button