რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეჩერებული ხმის მიცემის უფლება დაუბრუნდება

რუსეთის დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეას უბრუნდება. 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას ყირიმის ანექსიის გამო შეჩერებულ ხმის უფლებას უბრუნებს.

ამით იქმნება პრეცედენტი, რადგან ევროპის საბჭო პირველი ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთს დაწესებულ შეზღუდვებს უხსნის.

მიღებულ რეზოლუციაში წერია, რომ ასამბლეის წევრებს არ უნდა შეუჩერდეთ ან გაუუქმდეთ კენჭისყრის, სიტყვით გამოსვლის, ასამბლეასა და მის ორგანოებში საკუთარი წარმომადგენლების ყოლის უფლება.

გადაწყვეტილებას ქართული დელეგაციის პროტესტი მოჰყვა, მათ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს. ევროპის საბჭოს სხდომა სტრასბურგში 9 საათი მწვავე განცხადებისა და ემოციური გამოსვლების ფონზე წარიმართა.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღანელის ვოლოდიმირ არიევის განცხადებით, ორგანიზაციამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.

„რა პრინციპებზე და ღირებულებებზეა საუბარი?! ყირიმის ანექსიის შემდეგ ამ ორგანიზაციამ 7 რეზოლუცია მიიღო უკრაინის შესახებ და ვალდებულებების შესრულება დააკისრა რუსეთის ფედერაციას. არც ერთი რეზოლუცია არ არის შესრულებული და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს აბრუნებს დარბაზში. ეს არის სიტუაცია, როდესაც შეფასებაც კი ზედმეტია. წინაპირობების გარეშე ბრუნდება რუსეთის დელეგაცია ასამბლეაზე და ეს არის რეალობა, რომელიც დღეს შეიქმნა. ჩვენი ვალია დავიცვათ უკრაინის ეროვნული ინტერესები. მე პირადად არ ვაპირებ, რომ რუსეთის დელეგაციასთან ერთად დარბაზში ვიმყოფებოდე”, – განაცხადა არიევმა.

2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button