პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს და ცალი თვალი წითელი ლენტით აუხვიეს

რუსთველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იქ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს და ცალი თვალი სიმბოლურად წითელი ლენტით აუკრეს.

ეს ის ხმოვანი ბიუსტია, რომელიც 12 მაისს პარლამენტთან მიიტანეს. მასზე განთავსებულია სპეციალური ღილაკი, თითის დაჭერისას კი ისმის გიორგი გახარიას სიტყვები „მოდით დავიწყოთ ბოდიშით… ბოდიში“. აქციის მონაწილეები ამ ფორმით მაშინ ერთი წლის წინ კლუბ „ბასიანის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.

პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინ დღეს ისევ შეიკრიბნენ. ისინი დადებითად აფასებენ პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივას, თუმცა კვლავ მოითხოვენ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

24 ივნისს შსს-მ განაცხადა, რომ აქციის დაშლაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button