პარლამენტთან პუტინის ბანერი გაშალეს, რომელსაც თვალები დაზიანებული აქვს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ბანერი გაშალეს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. ბანერზე პუტინს ცალ თვალზე საქართველოს დროშა, ცალზე კი უკრაინის დროშა აქვს გამოსახული, დროშები კი ცენტრში დაზიანებულია.

ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ის, რაც 19-20 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ღამე კი პარლამენტის შენობის გარეთ მოხდა.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

24 ივნისს შსს-მ განაცხადა, რომ აქციის დაშლაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button