მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას: შენ ხარ ამ ქვეყანის მთავარი უბედურება მიხეილ სააკაშვილთან ერთად

ნიკა მელია, შენ დაჯექი, შენ ხარ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას პარლამენტში დაპირისპირების შემდეგ.

„ეს არის ჩვეულებრივი გაგრძელება იმ დესტრუქციისა, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს. სხვა მიზანი ამ ადამიანებს არ აქვთ და ძალიან გთხოვთ, ვიდრე ფრთიან ფრაზებს ისვრით, პასუხისმგებლობა აიღეთ იმაზე, რაც გააკეთეთ, რასაც აკეთებთ და რასაც მოჰყვა ის საშინელება, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ხმას დაუწიეთ, ნუ კივიხართ! არ მოგწონთ, ხომ, ეს ამბავი, რაც გააკეთეთ, როგორ ისარგებლეთ ადამიანების გულწრფელი ემოციით და როგორ გინდათ დესტრუქცია; როგორ გინდათ გადატრიალებები ამ ქვეყნაში. ეს გინდათ, მეტი მიზანი არ გაქვთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიცია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისგან, თამარ ჩუგოშვილისგან ითხოვდა, დღის წესრიგში შეეტანათ აქციის მონაწილეების მოთხოვნების განხილვა, მათ შორის გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი.

სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებების შემდეგ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური დაიწყო, რის შემდეგაც თამარ ჩუგოშვილმა ტექნიკური შესვენება გამოცხადა.

ვითარება გამწვავდა ნიკა მელისა და შოთა ხაბარელს შორის. მათ მიკროფონები მოგლიჯეს. ფიზიკურ დაპირისპირებას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია, რადგან დეპუტატები ერთმანეთს აშველებდნენ. ამის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა.

დღეს პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. უმრავლესობამ არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა შეარჩია. პროცედურის მიხედვით, თავმჯდომარეობის კანდიდატი პარლამენტის წინაშე 20-წუთიანი სიტყვით წარდგება, ამის შემდეგ დეპუტატები მას კითხვებს დაუსვამენ,  რასაც თალაკვაძის მხრიდან პასუხები, შემდეგ კი პოლიტიკური დებატები მოჰყვება.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სპიკერის თანამდებობა 21 ივნისს  დატოვა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button